დონალდ ტრამპი არალეგალური მიგრაციის გამო მექსიკასთან საერთო საზღვრის დახურვით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არალეგალური მიგრაციის გამო, მექსიკასთან საერთო საზღვრის დახურვით იმუქრება. ტრამპის თქმით, თუ საზღვარზე კონტროლის დაკარგვის საფრთხე რეალური გახდება, საზღვარი გარკვეული დროით დაიხურება. საუბარია აშშ-ის საზღვართან მობილიზებულ მიგრანტთა ნაკადზე, რომლებიც ძირითადად ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არიან. მათი რიცხვი ამ დროისთვის უკვე 6 ათასს აღწევს.
საზღვართან შექმნილი ვითარების გამო, პრობლემები შეექმნათ იმ მექსიკელებსაც, რომლებიც მადლიერების დღესასწაულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან ერთად გეგმავდნენ. მათ გრძელ რიგებში მოცდა უწევთ.
ასევე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მექსიკა ვერ შეძლებს აშშ-ში ექსპორტზე გაიტანოს წარმოებული ავტომობილები, როგორც ამას სავაჭრო შეთანხმება ითვალისწინებს.
პარალელურად კი, დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეჩერებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობისთვის კონგრესიდან თანხა არ გამოიყოფა.