დონალდ ტრამპი - არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ვფიქრობ, ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან
არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ქრისტიანულ რწმენას განსხვავებულად ეპყრობიან, ვიდრე ადრე, ვფიქრობ მას ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტს კითხვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ანალიტიკოს პოლ სპერის ტვიტთან დაკავშირებით დაუსვა, სადაც ანალიტიკოსი წერს: „ვნახოთ, თუ აიძულებს ხელისუფლება მეჩეთებს სოციალური დისტანცირების ზომების გატარებას რამადანის დღესასწაულზე, როგორც ეს ეკლესიების მიმართ მოხდა აღდგომის დღესასწაულზე“.
საუბარია კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით, სააღდგომო ლიტურგიების დროს დაწესებულ შეზღუდვებზე. აღნიშნული ტვიტი პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მიკრობლოგში გააზიარა. მედიის წარმომადგენლებს კი უპასუხა – „ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. მე არაფერს ვერჩი მეჩეთებს. მე ვესაუბრე იმამებს, მინისტრებს, რაბინებს. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სოციალური დისტანცირების წესს. მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის თქვენი რწმენა, თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, სხვადასხვა რწმენას ძალიან განსხვავებულად ეპყრობიან. არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ქრისტიანულ რწმენას განსხვავებულად ეპყრობიან, ვიდრე ადრე, ვფიქრობ მას ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას „ტვიტერში“ გამოეხმაურა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობათა საბჭო და ტრამპის კომენტარს „შეუსაბამო“ და „ისლამოფობიური“ უწოდა.