დონალდ ტრამპი - არ ვარ კმაყოფილი იმ განმარტებით, რაც მოვისმინე ხაშოგის დაღუპვასთან დაკავშირებით, ამ საქმეს ბოლომდე უნდა ჩავყვეთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის კმაყოფილი საუდის არაბეთის განმარტებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაემართა ჟურნალის ჯამალ ხაშოგის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც დონალდ ტრამპმა ტეხასში გამგზავრებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის ესაუბრა ჯამალ ხაშოგის საკითხზე საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.
„არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც მოვისმინე. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე უნდა ჩავყვეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას თურქეთსა და საუდის არაბეთში „ძალიან ნიჭიერი ადამიანები“ ჰყავს, რომლებიც უახლოეს დღეებში აშშ-ში დაბრუნდებიან და მას აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ძალიან მალე ეცოდინება, თუ რა დაემართა ჯამალ ხაშოგის.
The Washington Post-ის ჟურნალისტის, საუდის არაბეთის მოქალაქე ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების მიზეზად საკონსულოში მომხდარ „ჩხუბს“ ასახელებს.
მკვლელობის გამო დაკავებულია 18 პირი, საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურიდან ორი მაღალჩინოსანი კი, გათავისუფლებულია.
ჩხუბის ვერსიის არ სჯერათ თურქეთში. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ხაშოგი სპეციალური დანიშნულების რაზმის 15-მა წევრმა მოკლა, ცხედარი კი დაანაწევრა.