დონალდ ტრამპმა გერმანიის მიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანგელა მერკელის კოალიცია „გამოიფიტა“. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„გერმანელი ხალხი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ დგება. მიგრაციული პოლიტიკა ისედაც გამოფიტულ კოალიციაზე უარყოფითად ისახება. რაც შეეხება დანაშაულს, გერმანიაში მან საგრძნობლად მოიმატა. მთელმა ევროპამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მილიონობით ადამიანს კარი გაუღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საშუალებით.
თეთრი სახლის ლიდერის პოზიციას უკვე გამოეხმაურა გერმანული მედია. სხვადასხვა მედიასაშუალება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო წლებში გერმანიაში 1992 წლის შემდეგ დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გერმანია ანგელა მერკელის მთავრობის მიერ გატარებული მიგრაციული პოლიტიკის გამო სერიოზული შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის წინაშე დგას. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა მიგრაციული საკითხის მოგვარებისთვის კანცლერს ორი კვირა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, რომელსაც ზეეჰოფერი ხელმძღვანელობს, კოალიციას დატოვებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ახალი მიგრაციული პოლიტიკა „ნულოვანი ტოლერანტობა“ აამოქმედა, რომელიც მექსიკის საზღვართან მცხოვრები ოჯახების განცალკევებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ცვლილებებს შტატების პოლიტიკურ წრეებში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
დონალდ ტრამპმა კი მიგრანტებთან დაკავშირებით მკაცრი პოლიტიკა Twitter-ის საშუალებით შემდეგნაირად ახსნა: „ჩვენ არ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდეს ის, რაც ახლა ევროპაში ხდება“.