აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკელი მოსამართლეების ნაწილი პოლიტიზებული არიან. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი მოსამართლე პოლიტიკური გემოვნების მიხედვით მოქმედებს. ტრამპმა მათ “ობამას მოსამართლეები” უწოდა.
„ბოდიში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსთან, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვყავს “ობამას მოსამართლეები”, რომელთა შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანებისგან, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ევალებათ” – წერს ტრამპი.
კერძოდ აშშ-ის ლიდერმა მიკერძოებული უწოდა მე-9 ოლქის მოსამართლეს, რომლის გადაწყვეტილებითაც ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებულების მოქმედება შეჩერდა. ბრძანება არალეგალებისთვის თავშესაფრის მიცემის აკრძალვას ითვალისწინებდა.
„ჩვენ გვჭირდება დაცვა და უსაფრთხოება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება“, – წერს ტრამპი.