დონალდ ტრამპი - ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი ძალიან დაბალია, აშშ მსოფლიოში საუკეთესოდ მომზადებული ქვეყანაა
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს კორონავირუსთან საბრძოლველად 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მზად არის, დახარჯოს იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრამპმა პრესკონფერენცია თავისი ადმინისტრაციის წევრებთან და დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.
„მზად ვართ, დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა. მათ (კონგრესის წევრებს) შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. ჩვენ ვითხოვეთ 2.5 მილიარდი დოლარი. ზოგიერთ რესპუბლიკელს ამისთვის 4 მილიარდი სურს, ზოგიერთ დემოკრატს კი 8.5 მილიარდი“, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი კვლავ ძალიან დაბალია.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ კორონავირუსის გავრცელებისთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული ქვეყანაა. მისი თქმით ამას მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კვლევა ცხადყოფს.
ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მთავრი პრიორიტეტი აშშ-ის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, კორონავირუსის ახალი ტიპის ჩინეთში გავრცელებისთანავე აშშ-მა საგანგებო ზომებს მიმართა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ-ში ინფიცირებული 15 პირიდან თითქმის ყველა, ფაქტობრივად გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებულ ინფიცირებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში პასუხისმგებელ პირად ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა, რომელსაც ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სფეროს შორის კოორდინაცია დაევალა.
„ჩვენ მზად ვართ, ადაპტირებისთვის და ყველაფერს გავკეთებთ, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების შემთხვევაში“, -აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა, რომ ყოველწლიურად აშშ-ში გრიპის გამო ათობით ათასი ადამიანი იღუპება.