დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას დღეს გამოაქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას დღეს გამოაქვეყნებს.
„საუკუნის შეთანხმების“ სახელით ცნობილი გეგმა, ისრაელისა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად.
სწორედ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე. დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ცალკე შეხვედრა გამართა ისრაელის ოპოზიციის ლიდერთან, ბენი განცთანაც. შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმასა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება „საუკუნის გეგმას“ პოზიტიურად აფასებს, პალესტინის ადმინისტრაცია კი, გეგმას საბოლოოდ მაინც დაუჭერს მხარს.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გეგმას ბევრი არაბული სახელმწიფო ემხრობა. „საუკუნის შეთანხმება“ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ითხოვს, რასაც პალესტინის ადმინისტრაცია დიდი ალბათობით შეეწინააღმდეგება.