დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს ომს უკრაინაში.

„ბრეითბართთან“ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აპირებს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას არჩეული პრეზიდენტის სტატუსით, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცს ოფიციალურად დადებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ იცნობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და სჯერა, რომ შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკება, რათა დასრულდეს „სიკვდილი“ და „განადგურება“, თუ კვლავ აირჩევენ ხუთ ნოემბერს.

„ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს ომს და გააგრძელებს ასობით მილიარდი ამერიკული დოლარის გაგზავნას უკრაინაში.

ტრამპის განცხადებით, ჰარისის უუნარობამ შეიძლება მსოფლიო გლობალურ ომში ჩაითრიოს.

„არა მგონია, რომ მას რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს. ის საერთოდ ვერ გაუმკლავდება ამას. არა მგონია, რომ ის რამეს გააკეთებს. მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი მოკვდება. მას არ აქვს ამის გაკეთების უნარი. მე მინდა ამის გაკეთება. ორივე მათგანთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ვფიქრობ, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.