დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე დაელაპარაკება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე დაელაპარაკება.
ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს დემოკრატიას, თუმცა ბელარუსში „ბევრ დემოკრატიას“ ვერ ხედავს.
ამასთან, როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ-ში გამართული საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართება.
„მიყვარს, როდესაც დემოკრატიას ვხედავ. დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, თუმცა არ ჩანს, რომ ბელარუსში ბევრი დემოკრატიაა. თუმცა ჩვენ ბევრ ხალხს ვესაუბრებით და შესაბამის დროს რუსეთსაც დაველაპარაკებით და სხვებსაც. თუმცა უდავოა, რომ მსვლელობა ძალიან დიდია და როგორც ჩანს, ეს არის ძალიან მშვიდობიანი მსვლელობა, აშშ-ის ე.წ. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, როდესაც დაწვეს მაღაზიები“, – განაცხადა ტრამპმა.