დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიუ იორკის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ნიუ იორკის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. ტრამპმა კიდევ ერთხელ უწოდა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს „კუდიანებზე ნადირობა“ და განაცხადა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან თავდასხმა არჩევნებში ჩარევის მიზნით.
„მანჰეტენის საოლქო პროკურორმა კუდიანებზე ნადირობა ჩემ წინააღმდეგ გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ არანაირი საქმე არ ყოფილა და მე ცუდი არაფერი ჩამიდენია. ეს არის კუდიანებზე ნადირობა. ეს არის ვაშინგტონში ჩემი პოლიტიკური ოპონენტების, ამხანაგი კამალა ჰარისის და მემარცხენე რადიკალი ოპონენტების თავდასხმა არჩევნებში ჩარევის მიზნით. სულ ეს არის. ეს საქმე არასდროს უნდა აღძრულიყო. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა შეერთებულ შტატებში, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენ ვიცით. ეს არის მესამე მსოფლიოს, ბანანის რესპუბლიკის მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმის ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტისას.
ცნობისთვის, ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო. ტრამპი პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის იურიდიულ ხარჯებში გაწერის საქმეზე დამნაშავედ 30 მაისს სცნეს.