დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნები ახალი კორონავირუსის გაჩენის შესახებ გვიან გააფრთხილეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნები ახალი კორონავირუსის გაჩენის შესახებ გვიან გააფრთხილეს, რის გამოც მათ ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე გაბრაზებული ვიყავი, რადგან ჩვენთვის უნდა ეთქვათ ამის შესახებ უფრო ადრე, ბევრად ადრე. ზოგიერთმა ადამიანმა იცოდა, რაც ხდებოდა და მათ არ სურდათ ამაზე საუბარი. არ ვიცი, რატომ, თუმცა ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის უნდა გაეფრთხილებინა კორონავირუსის შესახებ.
„მე არაფერს ვამბობ, ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ადამიანებს უნდა ეთქვათ ამის შესახებ ჩვენთვის და მათ უნდა ეთქვათ ამის შესახებ დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ესაუბრა დიდი შვიდეულის ლიდერებს და მათი ქვეყნების ეკონომიკა განადგურებულია.
„თუმცა ისინი ეკონომიკას კვლავ აღადგენენ. ჩვენ აღვადგენთ უფრო ძლიერ, უკეთეს და დიდ ეკონომიკას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.