დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ქვეყნის შიგნით მოგზაურობას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან ქვეყნის შიგნით ვიზიტებს განაახლებს. მისი თქმით, ის არიზონაში გამგზავრებას გეგმავს.
როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან განაცხადა.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დონალდ ტრამპს უკვე რამდენიმე კვირაა, ვაშინგტონი არ დაუტოვებია.
„ვფიქრობ, მომავალ კვირას არიზონაში გავემგზავრები. ამას ველოდებით. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ოჰაიოშიც ჩავალ. ჩვენ დავიწყებთ მოძრაობას”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში აშშ-ში მასობრივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა იქნება.