დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა კამალა ჰარისის მხარდამჭერი განცხადება, შესაძლოა, თავად ტრამპის სასიკეთოდ გააკეთა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს მხარს. ტრამპის თქმით, ეს პუტინმა, შესაძლოა, რეალურად სწორედ მის სასიკეთოდ გააკეთა.
„სინამდვილეში მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან და მე ალბათ ყველაზე მეტად მოვწონდი, მაგრამ შესაძლოა, ასე ყოფილიყო, შესაძლოა – არა. ვნახე, რომ პუტინმა კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა. უნდა გესმოდეთ, ისინი არიან ჭადრაკის მთავარი მოთამაშეები. ასე რომ, როდესაც ის კამალას უჭერს მხარს, მან შეიძლება თქვას, მე ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მიყვარხარ და ამის თქმა ჯობდა“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შემდეგ მას ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა დაურეკეს.
„უნდა ვთქვა, რომ გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დამირეკა. ის ძალიან კარგად იყო განწყობილი, გვქონდა სასიამოვნო დიალოგი და მე ვაფასებ, რომ მან დარეკა წინა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მან მითხრა, რომ ის საქმეში ჩართულია. დღეს, ცოტა ხნის წინ, სასიამოვნო სატელეფონო საუბარი მქონდა კამალა ჰარისთანაც. ეს ძალიან სასიამოვნო იყო და ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა მიჩიგანის შტატში გამართულ შეხვედრაზე.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა საშიში საქმეა.
„პრეზიდენტობა საშიში საქმეა. ეს ცოტა სახიფათოა. ისინი ფიქრობენ, რომ ავტომობილით რბოლაა საშიში, ფიქრობენ, ხარით ჯირითია სახიფათო, არა. პრეზიდენტობაა სახიფათო საქმიანობა, ამიტომ უსაფრთხოდ უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმზე აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას“.