დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მხრიდან სამხედროების შეურაცხყოფა წარმოუდგენელია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი ან ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპმა ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა ჟურნალი„ატლანტიკი“, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა მის მიერ სამხედროების შეურაცხყოფას წარმოუდგენელი უწოდა.
„ის რომ, თითქოს მე გავაკეთე ნეგატიური განცხადებები ჩვენი სამხედროებისა და გარდაცვლილი გმირების შესახებ, წარმოუდგენელია! არავის გაუკეთებია სამხედრო ბიუჯეტისა და ჩვენი სამხედროების ზრდისთვის იმდენი, რამდენიც მე გავაკეთე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია საშინელი ჟურნალისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გამოცემა „ატლანტიკი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა 2018 წელს საფრანგეთში ყოფნისას ამერიკელთა სამხედრო სასაფლაოზე ვიზიტი გააუქმა და იქ დაკრძალული ჯარისკაცები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. თეთრმა სახლმა მაშინ სასაფლაოზე ვიზიტის გაუქმების მიზეზად უამინდობა დაასახელა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჟურნალის მიერ ყალბი ამბის გავრცელება არის სამარცხვინო მცდელობა, გავლენა მოახდინოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.