დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი კომპანია ყველა ფინანსურ ოპერაციას კანონიერად ასრულებდა და მის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, კორუმპირებული უწოდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი კომპანია ყველა ფინანსურ ოპერაციას კანონიერად ასრულებდა და მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„ეს კორუმპირებული ხალხია, რომლებსაც ამის გაკეთების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ისინი იყენებენ ამ ინსტრუმენტს იარაღად პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, იმ ოპონენტის წინააღმდეგ, რომელიც, გამოკითხვით, მათ უსწრებთ და ყოველთვის ასე იქნება, რადგანაც მე ვეჯიბრები ადამიანს, რომელსაც ორი წინადადების გადაბმულად თქმაც კი არ შეუძლია. მან არც კი იცის, რას აკეთებს. ამ კაცის გამო მესამე მსოფლიო ომს ვუახლოვდებით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში”, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს ნიუ იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და, ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, ტრამპს ნიუ იორკის შტატში სამი წლით აუკრძალეს ბიზნესსაქმიანობა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.