დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგი არჩევნებში ხმის მიცემას დაჰპირდა, კორპორაცია „მეტაში“ კი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ „ფეისბუქისა“ და „მეტას“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ნოემბრის არჩევნებში ხმის მიცემას დაჰპირდა. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრმაპმა New York Magazine-თან ინტერვიუში გააკეთა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ცუკერბერგი მას 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაუკავშირდა.
„მარკ ცუკერბერგმა დამირეკა და მითხრა: „მე არასდროს მხარი არ დამიჭერია რესპუბლიკელისთვის, მაგრამ ამ არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ხმას დემოკრატს“. და ის ხომ იმ ადამიანებიდანაა, რომელთა მთელი ოჯახი დემოკრატების მხარესაა!“ – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ არ მისცემს ხმას მის მოწინააღმდეგეებს. ტრამპის განცხადებით, ცუკერბერგზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავდასხმაზე ტრამპის ცივსისხლიანმა რეაქციამ.
„მეტაში“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ტყუილი უწოდეს. როგორც კორპორაციაში აცხადებენ, მარკ ცუკერბერგი აშშ-ის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.
ცნობისთვის, 19 ივლისს ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქცია თავდასხმაზე იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, რომლის მოწმეც ის ოდესმე გამხდარა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა 13 ივლისს პენსილვანიაში მოხდა. ტრამპი დაიჭრა ყურში, დაიღუპა ერთი მაყურებელი, კიდევ ორი კი დაშავდა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობისთვის – დონალდ ტრამპი, დემოკრატიული პარტიიდან კი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იბრძვიან.