აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს ხანში გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ქალაქ ნეშვილში გამართული სატელევიზიო დებატების დროს ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ წარმატებულად უმკლავდება ვირუსს და „კოვიდ-19“ სულ მალე გაქრება. გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ ვირუსთან ბრძოლის დროს გადადგმული ნაბიჯების გამო, მან მსოფლიოს არაერთი ლიდერისგან მიიღო შექება.
ტრამპმა ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„კორონავირუსის შედეგად, აშშ-ში 2,2 მილიონი ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებდნენ, თუმცა ჩვენ დავხურეთ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა, რათა ამ საშინელ დაავადებას ვებრძოლოთ, რომელიც ჩინეთიდან მოვიდა. ეს მსოფლიოს პანდემიაა. ხედავთ, რა ხდება ახლა ევროპაში და სხვაგანაც. შეამჩნევდით, რომ სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. ეს მაჩვენებელი აშშ-ში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა რომელიღაც ქვეყანაში. ჩვენ ვებრძვით კორონავირუსს და წარმატებასაც ვაღწევთ. ეპიდაფეთქება იყო ფლორიდაში, ტეხასში, არიზონაში, მაგრამ სიტუაცია გამოსწორდა. ეპიდაფეთქება იყო სხვა ადგილებში, თუმცა უახლოეს ხანში ვირუსი იქაც გაქრება. ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც უკვე მზადაა და უახლოეს ხანში იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინის შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე კვირაში გაკეთდება. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვაქცინას სამხედროები გაავრცელებენ. შემიძლია, პირადი გამოცდილებით გითხრათ, რადგან თავად გახლდით ინფიცირებული კორონავირუსით და გამოვკეთდი. მე მივიღე თერაპია, რომელიც ეფექტური იყო და ძალიან მალე განვიკურნე. სხვა შემთხვევაში, აქ ვერ ვიქნებოდი. ახლა ისინი ამბობენ, რომ მე იმუნიტეტი მაქვს ვირუსის მიმართ, თუმცა არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იმუნიტეტი – ოთხი თვე თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბევრი ხალხი განიკურნა. ეს არის გლობალური პრობლემა. თუმცა, ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერმა მომილოცა და შემაქო ჩემ მიერ კორონავირუსთან ბრძოლის დროს გადადგმული ნაბიჯების გამო. მაგალითად, ვირუსის საწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების წარმოების კუთხით. კერძოდ, ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოებაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენ ათასობით ასეთ აპარატს ვაწარმოებთ. კორონავირუსი საბოლოოდ დამარცხდება და გაქრება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობაში წარმატებას მიაღწია ორმა კომპანიამ. ესენია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდენა“, რომელთა ვაქცინები შესაძლოა, უახლოეს ხანში გახდეს ხელმისაწვდომი და მათი დისტრიბუცია სამხედროების დახმარებით სწრაფად მოხერხდება.
აშშ-ის მოქმედმა ლიდერმა თქვა, რომ ვირუსის მიუხედავად, ის ეკონომიკის დახურვის მომხრე არ არის.
„ჯო ბაიდენივით სარდაფში ვერ ჩავიკეტებით. ბაიდენს ეს შეუძლია, ხალხს კი არა. მეც კი ვერ გავაკეთე ეს. დიდი სიამოვნებით ჩავიკეტებოდა სარდაფში ან თეთრი სახლის ლამაზ ოთახში ერთი წლით, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველთან ვამბობდი, რომ ვირუსი საშიშია. დავინფიცირდი, თუმცა განვიკურნე. ჩვენ ვერ დავხურავთ ეკონომიკას“, – განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები. მისი თქმით, აშშ-ში 220 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსისგან და ამაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ეკისრება.
„220 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. პირი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, არ შეიძლება დარჩეს აშშ-ის პრეზიდენტად. ახლა ათასობით ადამიანი კვდება ვირუსის შედეგად. ახალი შემთხვევის რაოდენობა ყოველდღიურად 70 000-ს აღწევს. პროგნოზების მიხედვით, აშშ-ში კიდევ 200 000 ადამიანი დაიღუპება ვირუსის გამო. პრეზიდენტის მრჩევლების თქმით, მხოლოდ დამცავი პირბადის ტარებით, შესაძლებელია ათასობით ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა. ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, პრეზიდენტ ტრამპს ვირუსთან ბრძოლის გეგმა არ აქვს. მოვუწოდებდი ყველას, ატარონ პირბადე. ასევე უზრუნველვყოფდი მოქალაქეების სწრაფ ტესტირებას. ასევე, ჩემი ინიციტივით შევიმუშავებდით ეროვნულ სტანდარტს, რომელთა მიხედვით გავხსნიდით სკოლებს და ბიზნესს, რათა მათ საქმიანობა უსაფრთხოდ შეძლონ. ასევე მივცემდი მათ საჭირო რესურსებს. ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები ტრაგიკული იყო. ამას მოვაგვარებდი და ჩვენ გვექნებოდა გეგმა“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა საჭირო შემოწმებას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა ხელმისაწვდომი. ბაიდენმა შეახსენა ამომრჩეველს, რომ ტრამპი არაერთხელ დაპირდა მოქალაქეებს, რომ ვირუსი აღდგომას დასრულდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.
„ჩვენ ბნელი ზამთარი უნდა გავიაროთ და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპს არ აქვს მკაფიო გეგმა. მან არ იცის, იქნება თუ არა ვაქცინა მომავალ წლამდე ფართოდ ხელმისაწვდომი ამერიკელების უმრავლესობისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამ სიტყვებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ის სწორად მოიქცა, როდესაც ჩინეთიდან და ევროპიდან მოგზაურთა აშშ-ში ჩასვლა აკრძალა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენის დროს აშშ-ში ღორის გრიპი გავრცელდა და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ფიასკოთი დასრულდა.
„ეს იყო სრული კატასტროფა. თუ ღორის ვირუსს ექნებოდა ისეთივე სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როგორც კორონავირუსს აქვს, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამ ვირუსისგან 700 000 ამერიკელი დაიღუპებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციის უფროსმა თავად თქვა, რომ მათი სტრატეგია იყო კატასტროფული. ახლა ეს ადამიანი მოდის, ჭკუას გვასწავლის და გვეუბნება, როგორ მოვიქცეთ. ყველაფერი, რაც მან თქვა და ჩამოთვალა, ჩვენ უკვე გავაკეთეთ“, – განაცხადა ტრამპმა.