დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვიდეო მისი „ტვიტერის“ გვერდზე 12-საათიანი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ განთავსდა.
ტრამპმა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას „საძაგელი“ უწოდა.
„ამერიკა არის და ყოველთვის იქნება კანონისა და სამართლის ქვეყანა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„მივმართავ მათ, ვინც მონაწილეობდა – თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მივმართავ მათ, ვინც დაარღვია კანონი – თქვენ გადაიხდით“, – აღნიშნა მოქმედმა პრეზიდენტმა.
„ჩვენ ახლახან გავიარეთ დაძაბული არჩევნები და ემოციები მძაფრია. თუმცა ახლა დროა ტემპერატურამ დაიწიოს და სიმშვიდე აღდგეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ახლა კონგრესმა დაამტკიცა შედეგები და ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია შედგება 20 იანვარს. მე ფოკუსირებული ვარ ახლა ხელისუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი საჭიროებს განკურნებასა და შერიგებას“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობა რეფორმირებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნდობა მომავალი არჩევნებისადმი. ტრამპის თქმით, მისთვის პატივი იყო, ემსახურა აშშ-ის მოქალაქეებისთვის. მან ასევე თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ „საოცარი მოგზაურობა ჯერ მხოლოდ იწყება“.