დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისთან დებატების მეორე რაუნდის ჩატარება დაგვიანებულია
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატ მეტოქესთან, კამალა ჰარისთან დებატების მეორე რაუნდის გამართვა „უკვე ძალიან გვიანაა“.
„კამალა და მისი გუნდი ხედავენ, რომ მათი კამპანია არცთუ ისე კარგად მიდის და ცოტა ხნის წინ მათ განაცხადეს, რომ სურთ კიდევ ერთი დებატების გამართვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკვე ძალიან გვიანაა კიდევ ერთი დებატისთვის. კენჭისყრა უკვე დაიწყო. მას ჰქონდა შანსი, გაემართა დებატები „ფოქს ნიუსზე“, ეს არხი გვიწვევდა ჩვენ, მაგრამ მან უარი თქვა“, – განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.
ტრამპის თქმით, 2024 წელს მან უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში: ივლისში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სექტემბერში ჰარისთან, რომელმაც ბაიდენი შეცვალა საარჩევნო მარათონში. რესპუბლიკელი დარწმუნებულია, რომ დემოკრატებს სურთ კიდევ ერთი დებატების გამართვა, რადგანაც გრძნობენ, რომ „სერიოზულად მარცხდებიან“.
„ჰარისი არის, როგორც მოკრივე, რომელიც რინგზე გამოდის და ნოკაუტის შემდეგ, პირველ რიგში, ამბობს, რომ სურს რევანში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე კამალა ჰარისი დათანხმდა CNN-ის წინადადებას ტრამპთან დებატების მეორე რაუნდის გამართვის შესახებ.