დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა, ადმინისტრაციაში არაფერი გაუკეთებია
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს 3,5 წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა, არაფერი გაუკეთებია.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში კამალა ჰარისის გამოსვლის პარალელურად წერდა.
„მას არაფერი გაუკეთებია 3,5 წლის განმავლობაში, ლაპარაკის გარდა, და ამაღამ უკმაყოფილებას გამოთქვამს ყველაფერზე, თუმცა არაფერს აკეთებს! თავისი სიტყვა ახლავე უნდა შეწყვიტოს, წავიდეს ვაშინგტონში, დაკეტოს საზღვარი, დაუშვას ფრეკინგი პენსილვანიაში და სხვაგან, დაიწყოს იმ საქმეების კეთება, რომლებზეც წუწუნებს, რომ არ არის გაკეთებული!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, კამალა ჰარისი სუსტი და არაეფექტიანია.
„ტირანები მას დასცინიან, ის არის სუსტი და არაეფექტიანი და 3,5 წლის განმავლობაში მას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ აძლიერებდა, ამდიდრებდა მათ (ტირანებს)“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმასა და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს არ მოხდებოდა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში.
„ამხანაგ კამალა ჰარისის მმართველობის პირობებში მომავალი არ იქნება, რადგან ის ბირთვული მესამე მსოფლიო ომისკენ წაგვიძღვება! მას არასდროს სცემენ მსოფლიოს ტირანები პატივს“, – აღნიშნა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
დონალდ ტრამპის თქმით, კამალა ჰარისი საშუალო კლასზე საუბრობს, თუმცა სწორედ მან გააღარიბა საშუალო კლასი, გახადა ის დაუცველი და დოვლათზე ხელმიუწვდომელი.
„მან არ ახსენა ჩინეთი, არ ახსენა ფრეკინგი, არ ახსენა ენერგეტიკა, არსებითად არ ახსენა რუსეთი და უკრაინა, მას არ უხსენებია დღის მთავარი თემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებს. აშშ-ში 60 მილიონი ადამიანი სიღარიბეშია მათ თვალწინ და ის მათზე არც კი საუბრობს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.