დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენთან სასიამოვნო შეხვედრა ჰქონდა
ერთმანეთის ნახვით დიდი სიამოვნება მივიღეთ და ინაუგურაციამდე კიდევ ერთხელ შეხვედრას ვგეგმავთ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ხელახლა გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო გრძელი, ძალიან გრძელი გზა. ორივე მხარემ ბევრი იმუშავა და მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი კამპანიასა და ყველაფერს. ჩვენ მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები და უკრაინაში მიმდინარე ომი.
„მე ვთხოვე თავისი მოსაზრებების გაზიარება და მანაც გამიზიარა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთზეც. მინდოდა, მცოდნოდა მისი ხედვა იმის შესახებ, თუ სად ვართ და რას ფიქრობს. მან კი ძალიან თავაზიანად გამიზიარა თავისი მოსაზრებები“,- განაცხადა ტრამპმა.
ადმინისტრაციებს შორის მშვიდ გადაბარებასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ მისა და მოქმედი პრეზიდენტის გუნდებს შორის „ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობაა“.
„ოვალური კაბინეტი მშვენიერია და მოუთმენლად ველი იქ დაბრუნებას“, – აღნიშნა ტრამპმა.