დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლა არ უნდოდა და მოხდა „გადატრიალება“
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლა გადატრიალება იყო.
ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ გადაიცემოდა.
„ეს იყო გადატრიალება. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის გადატრიალება. მას არ უნდოდა გასვლა, მაგრამ უთხრეს: „ჩვენ შეგვიძლია, ეს კარგი გზით ან ხისტად გავაკეთოთ“, – განაცხადა ტრმპმა.
ამავე ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის მიზეზი ის დებატები გახდა, რომელშიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი გააკრიტიკა, რომელსაც „მესამეხარისხოვანი“, „არაკომპეტენტური“ და „რადიკალი მემარცხენე მთვარეული“ უწოდა.