დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ისტორიულად, მათემატიკურად, პოლიტიკურად და ლოგიკურად შეუძლებელია
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ გზას, რათა „შეაჩეროს საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვა“.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, „დემოკრატიულმა პარტიამ“ ფოსტის ხმის მიცემის საშუალებით მერყევ შტატებში არჩევნები არნახული მასშტაბით გააყალბა და ამის საბაბად კორონავირუსის პანდემია გამოიყენა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა კანდიდატურამ აშშ-ის ისტორიაში ყველზე მეტი ხმა მიიღო. მისი მონაცემებით, მას თითქმის 75 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა.
მოქმედი პრეზიდენტი კვლავ არ ეთანხმება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, „დემოკრატი“ ჯო ბაიდენის გამარჯვებას.
„ეს ისტორიულად, მათემატიკურად, პოლიტიკურად და ლოგიკურად შეუძლებელია, ეს არ მომხდარა. მას არ გაუმარჯვია. ჩვენ დიდი სხვაობით მოვიგეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადა. ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვება მიულოცა აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ.