დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი „მენტალურად კატასტროფულ“ მდგომარეობაშია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, ბაიდენი „მენტალურად კატასტროფულ“ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას განაცხადა.
რაც შეეხება საიდუმლო დოკუმენტების საქმეს, ტრამპის თქმით, მასა და ჯო ბაიდენს შორის ის განსხვავებაა, რომ ბაიდენმა დოკუმენტები მაშინ წაიღო, როდესაც სენატორი იყო, ხოლო ტრამპის შემთხვევაში, ის პრეზიდენტი იყო და პრეზიდენტის ჩანაწერების შესახებ კანონი აძლევდა ამის საშუალებას. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ქეისი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.
სამხრეთ კაროლინაში გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენი მოიხსენია, როგორც თაღლითი ჯო.
„პროკურორმა განაცხადა, რომ ის მენტალურად კატასტროფულ მდგომარეობაშია, მან განზრახ მოიპარა საიდუმლო დოკუმენტები, განზრახ, თავისი მენტალური მდგომარეობის გამო“, – აცხადებს ტრამპი.
სპეციალურმა პროკურორმა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო მოპყრობის საქმეს იძიებს, 9 თებერვალს განაცხადა, რომ პრეზიდენტს მეხსიერების პრობლემები აქვს.