დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან მოლაპარაკებების შეჩერებაზე შეტყობინება არ მიუღია, თუმცა მსგავსი განცხადება ირანისგან მოსალოდნელია – „ეს არ ნიშნავს, რომ იქ წავალთ და ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ“

21:30, 01.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისგან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი განცხადება ირანის მხრიდან „სავსებით მოსალოდნელია“.

„ეს შესაბამისი განცხადებაა, რადგან ისინი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ბრძოლაში“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოებას გეგმავს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ წავალთ და ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ. ჩვენ ბლოკადას შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მხარეებს შორის კომუნიკაცია ზედმეტად ინტენსიური გახდა და ამ ეტაპზე დუმილი, შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს.

„ვფიქრობ, ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ. ცოტა ხნით დუმილი ძალიან კარგი იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებებია.

მსგავსი