ჯეიჰუნ ბაირამოვი – პოზიტიურია, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი ტერიტორიულ პრეტენზიებს არ შეიცავს

18:17, 23.11.2026

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანი არაერთხელ აცხადებდა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი იქნებოდა მას შემდეგ, რაც სომხეთი კონსტიტუციიდან ამოიღებდა აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს.

ამის შესახებ ბაირამოვმა იტალიელ კოლეგასთან, ანტონიო ტაიანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც სომხეთი თავისი კონსტიტუციიდან ამოიღებს აზერბაიჯანის მიმართ არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს.დღეს სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციის ტექსტი გამოაქვეყნა. აზერბაიჯანისთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვხედავთ, ახალ კონსტიტუციის პროექტში ასეთი პრეტენზიები არ არის გათვალისწინებული. ეს დადებითი განვითარებაა. როგორც კი აღნიშნული საკითხი საბოლოოდ მოგვარდება, შესაძლებელი იქნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მსგავსი