მარკ რუტე – ევროპული არმია რომ არსებობდეს, პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის განაწილებას სამი კვირა დასჭირდება და პუტინი როტერდამში იქნება
ევროპული არმია რომ არსებობდეს, პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის განაწილებას სამი კვირა დასჭირდება და პუტინი როტერდამში იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, არ მიაჩნია მიზანშეწონილად, რომ ნატო-ს ფარგლებში, სადაც ეროვნული სახელმწიფოები საკუთარი შეიარაღებული ძალებით თანამშრომლობენ, ამას დაემატოს კიდევ ერთი მასშტაბური ევროპული სტრუქტურა.
„საქმე ისაა, რომ, პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ორი-სამი კვირა დაგვჭირდება იმის შესათანხმებლად, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი; ვიდრე ამას გადავწყვეტთ, პუტინი, სავარაუდოდ, უკვე როტერდამამდეც კი მიაღწევს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, თუმცა, ვიმეორებ, არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, უცნაურია, რომ ევროპის მოსახლეობა ამდენად არის დამოკიდებული აშშ-ზე. „ვფიქრობ, მაინც გარკვეულწილად უცნაურია, რომ ევროპაში, ნატო-ს ტერიტორიაზე მცხოვრები 600 მილიონი ადამიანი ამდენად არის დამოკიდებული და ამდენად დიდ იმედს იმყარებს ქვეყანაზე, რომელიც აქედან თვითმფრინავით რვა საათის სავალზე მდებარეობს და 340 მილიონი მოსახლე ჰყავს; თანაც ეს ყველაფერი ხდება 140 მილიონი რუსისგან თავის დასაცავად. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა მდგრადი ვერ იქნება“, – აღნიშნა მარკ რუტემ.