დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაანადგურებს თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიელ ქურთებს გაანადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა. რეპორტიორის შეკითხვაზე, არის თუ არა პრეზიდენტი შეშფოთებული იმით, რომ თურქეთმა შესაძლოა ქურთები გაანადგუროს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ თუ ეს მოხდება, იგი თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.
„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე პასტორ ბრანსონის შემთხვევაში. ვიმედოვნებ, რომ ის რაციონალურად იმოქმედებს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ერთმანეთს ათეულობით წლებია ებრძვიან“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ ოპერაციის ჩატარების ზონაში ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან. ტრამპმა ქურთებისა და თურქეთის მრავალწლიან დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ დაუსრულებელი ომებიდან გადის.
„ჩვენ აღნიშნულ რაიონში სამხედროები არ გვყავს.თურქეთთან მოლაპარაკებებს სამი წელია ვაწარმოებთ. მათ ამის გაკეთება მრავალი წელია სურდათ. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში, ჩავერიეთ, ეს 30 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ იქ მრავალი წელი ვიყავით. ახლა გასვლის დროა. ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკებით. ვუთხარით პრეზიდენტ ერდოღანს, რას ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ორივე მხარეს ვესაუბრებით და განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციიდან. თუმცა აღნიშნულ რაიონში სამხედროები არ გვყავს. ჩვენ გავდივართ დაუსრულებელი ომებიდან, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და საბოლოოდ ვინმემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემის ინიციატივას, თურქეთის ლიდერისთვის სანქციების დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ ის სანქციების დაწესებას ეთანხმება, თუმცა სანქციებზე მეტად მკაცრ ზომებსაც განიხილავს.
„მე უკვე ვუთხარი პრეზიდენტ ერდოღანს, რომ სანქციების დაწესებაზე ბევრად მეტს გავაკეთებ. ვფიქრობ, ლინდსი იქ კიდევ მომავალი ორასი წლის განმავლობაში დარჩებოდა და შესაძლოა, ყველგან ასობით ათას ადამიანს განათავსებდა. თუმცა მე ამაში ლინდსის არ ვეთანხმები, მაგრამ ვეთანხმები სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა მე განვიხილავ ბევრად მკაცრ ზომებს, ვიდრე სანქციებია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ერდოღანი სირიაში უსამართლოდ მოიქცევა, მას ეს ეკონომიკურად ძალიან ძვირი დაუჯდება.