დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალურ თანამდებობებზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დასანიშნად კონგრესის ორივე პალატის მუშაობას შეაჩერებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და კონგრესის ორივე პალატის მუშაობას შეაჩერებს, რათა მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნა შეძლოს.
დონალდ ტრამპმა კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრები ფედერალურ თანამდებობებზე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ გვაქვს ბევრი პოზიცია, რომელიც არ არის შევსებული, რადგან ვერ ვიღებთ დამტკიცებას“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატების დანიშვნა ხელს შეუწყობს კორონავირუსის კრიზისის დაძლევას.
„უნდა გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია. ჩვენ გვჭირდება ხალხი ამ კრიზისისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
აშშ-ში მოსამართლეების, ელჩების ასევე ფედერალური პოზიციებზე მაღალჩინოსნების დანიშვნა სენატის თანხმობით ხდება. პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს კანდიდატები, როდესაც სენატი ისვენებს, თუმცა ტრამპის განცხადებით, სენატი და წარმომადგენელთა პალატა „ფიქტიურ სესიებს“ ატარებენ, რათა მის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნას ხელი შეუშალონ.
„თუ წარმომადგენელთა პალატა არ დათანხმდება სესიის შეწყვეტას, მე გამოვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას კონგრესის ორივე პალატის სესიის შესაჩერებლად. ქალაქიდან გასვლისა და ფორმალური სესიების ჩატარების ამჟამინდელი პრაქტიკა ვალდებულების უგულვებელყოფაა, რის უფლებასაც ამერიკელი ხალხის საკუთარ თავს ვერ მისცემს ამჟამინდელი კრიზისის პირობებში. რასაც ისინი აკეთებენ, თაღლითობაა და ეს უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან სენატის გავლით 250-მდე მოსამართლე დანიშნა, თუმცა კონგრესში კიდევ გაჩერებულია 129 პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატების საკითხი.
სასწრაფოდ შესავსებ პოსტებად ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ფედერალური სარეზერვო სამსახურის მმართველთა საბჭოს ორი წევრის, ხაზინის მდივნის თანაშემწის პოზიციები დაასახელა.
კანდიდატებს შორის ტრამპმა სამაუწყებლო საკითხებში მმართველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი მაიკლ პეკიც დაასახელა და „ამერიკის ხმის“ მუშაობა გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპმა „ამაზრზენი“ უწოდა „ამერიკის ხმის“ მუშაობას.
„რასაც ისინი ამბობენ არის ამაზრზენი ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.