დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ზელენსკისთან, ისე პუტინთან და შეუძლია ორივე მხარისთვის მისაღები გეგმის შემუშავება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა „ტრამპ თაუერში“ გაიმართა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებთან. მისივე თქმით, თუ მას ნოემბერში პრეზიდენტად აირჩევენ, თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ისეთ გეგმის შემუშავება შეუძლია, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
„იმედი მაქვს, უფრო კარგი ურთიერთობა გვექნება“ , – განაცხადა ტრამპის გვერდით მდგომმა ზელენსკიმ, რაზეც დონალდ ტრამპის პასუხი ასეთი იყო:
„ტანგოს საცეკვაოდ ორი კაცია საჭირო. ვფიქრობ, დღეს აქ რომ ვართ, ესეც ძალიან კარგი ნიშანია.“
ამასთანავე, ზელენსკისთან შეხვედრიდან გამოსულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი რამ გაიგო ამ შეხვედრიდან.
„ბევრი რამ გავიგე. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ვნახოთ ამ ომის დასასრული და სამართლიანი შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, როგორ ხედავს ტრამპი სამართლიან გარიგებას ცეცხლის შეწყვეტაზე, ექსპრეზიდენტის პასუხი იყო, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„მე ჩემი იდეები მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის თავისი, მაგრამ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.
„პუტინმა იმდენი ადამიანი მოკლა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ ომის შესაწყვეტად. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ამის გაგება ყველაზე მნიშვნელოვანია. ის არის ჩვენს ტერიტორიაზე“, – ამბობს ზელენსკი.