დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აიოვას შტატში, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრზე გააკეთა.
„ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ 2024 წელს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თავის გამოსვლაში ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა.
„მე ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე და მეორე კენჭისყრისას გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენე, ვიდრე პირველ ჯერზე. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მილიონობით მეტი ხმა მივიღე. და მივიღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა 2020 წელს 72 მილიონი ხმა მიიღო, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ის მაინც დამარცხდა ჯო ბაიდენთან, რომელმაც 81 მილიონი ხმა დააგროვა.
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.