დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს, რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს, რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ეს საერთოდ არ მაწუხებს. ეს არის სწორი ქმედება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ თურქეთის რომელიმე მოთხოვნის შესრულებას გამორიცხავს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფიქრობდა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან გარიგება დადო, როდესაც ისრაელი თურქეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე დაითანხმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის მიიჩნევდა, რომ სანაცვლოდ ერდოღანი პასტორ ენდრიუ ბრანსონს გაათავისუფლებდა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი საშინელ შეცდომას უშვებენ. არანაირი დათმობა არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში.