დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 892 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში ცვლილებები არ შევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 892 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, თუ მასში ცვლილებები არ შევა. კონგრესის მიერ 22 დეკემბერს ხანგრძლივი უთანხმოების შედეგად შეთანხმებული პაკეტი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს.
მოქმედი პრეზიდენტი ითხოვს, რომ ფინანსური დამხარების პაკეტით თითოეული მოქალაქისთვის გათვალისწინებული 600 დოლარის ოდენობის დახმარება ორი ათას დოლარამდე გაიზარდოს.
„კანონპროექტი, რომლის გამოგზავნასაც ისინი ჩემთვის აპირებენ, მოსალოდნელისგან ძალიან განსხვავდება. ეს სირცხვილია“, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილი, კერძოდ, უცხო ქვეყნებისთვის, სმითსონიანის ინსტიტუტისა და თევზის მოშენებისთვის გათვალისწინებული თანხების გამო.
„ასევე, ვთხოვ კონგრესს, დაუყოვნებლივ თქვან უარი ამ კანონში მფლანგველურ და არასაჭირო პუნქტებზე და გამომიგზავნონ სათანადო კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსური დახმარების პაკეტის გაცემა მომდევნო ადმინისტრაციას მოუწევს. შესაძლოა, ეს ადმინისტრაცია ჩემი იყოს“, – აღნიშნავს ტრამპი.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, პაკეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს რესპუბლიკელებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ოდენობის ფინანსური დახმარების გაცემა სურდა დონალდ ტრამპს მოქალაქეებისთვის. ნენსი პელოსის თქმით, დემოკრატები მზად არიან, პრეზიდენტის ინიციატივას მოქალაქეებისთვის ორი ათასი დოლარის ოდენობის ჩეკების გაცემის შესახებ მიმდინარე კვირაში უყარონ კენჭი.