დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2021 წლის 6 იანვარს ნენსი პელოსის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეროვნული გვარდიის ათი ათასი წევრის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც მან და ვაშინგტონის მერმა უარი განაცხადეს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წამომადგენელთა პალატის მაშინდელ სპიკერს, ნენსი პელოსის 2021 წლის 6 იანვარს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც მან და ვაშინგტონის მერმა უარი განაცხადეს. ამის შესახებ მან კაპიტოლიუმის შტურმის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„მათ მთხოვეს სიტყვით გამოსვლა. ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა ამბობდა, რომ 6 იანვარს იქ მისვლას აპირებდა. მე ვთქვი: „იცით, მოდის ბევრი ხალხი, თქვენ, შესაძლოა, ასევე იგრძნოთ ეს“. და მე ვთქვი, რომ მათ უნდა ჰყოლოდათ ეროვნული გვარდია და შევთავაზე ეს და ახლა ის აღიარებს, რომ მან უარი თქვა“, – განაცხადა ტრამპმა.
დებატების მოდერატორმა ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა – რას ეტყოდა იმ ამერიკელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მან 2021 წლის 6 იანვარს ფიცი დაარღვია და შეშფოთებულები არიან, რომ ამის კიდევ ერთხელ გაკეთება შეუძლიათ?
„6 იანვარს ჩვენ გვქონდა შესანიშნავი კედელი. არავინ შემოდიოდა, ძალიან ცოტა ადამიანი. 6 იანვარს ჩვენ ვიყავით ენერგოდამოუკიდებლები. 6 იანვარს ჩვენ გვქონდა ყველაზე დაბალი გადასახადები და ყველაზე მცირე რეგულაციები. 6 იანვარს ჩვენ პატივს გვცემდნენ მთელ მსოფლიოში. და შემდეგ ის მოდის და ჩვენ ეს ყველაფერი დავტოვეთ, ჩვენ ვართ, როგორც სულელი ადამიანების ჯგუფი. ის, რაც ამ კაცის ხელმძღვანელობისას აშშ-ის რეპუტაციას დაემართა, საშინელებაა. მათ შორის, მართლმსაჯულების იარაღად გამოყენება, რაზეც, დარწმუნებული ვარ, ისაუბრებთ, სადაც ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, რადგან მათი სამართლიანად დამარცხება არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.