დონალდ ტრამპი 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვს
დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს.
აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს „მძევლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ „ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო“.
„ყველაფერი აიოვას შტატიდან დაიწყება 15 იანვარს და ბაიდენის ბანანის რესპუბლიკა 2024 წლის 5 ნოემბერს დასრულდება. თქვენი დახმარებით ქვეყანას დავიბრუნებთ. ჩვენ ამოვალთ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც ეს ქვეყანა იმყოფება. მათ უნდა გაათავისუფლონ 16 მძევალი. მათ საკმარისად იტანჯეს. მე მათ მძევლებს ვუწოდებ. ზოგიერთი ადამიანი მათ პატიმრებს უწოდებს. ჯო, გაათავისუფლე 16 მძევალი. შენ ეს იოლად შეგიძლია, გააკეთო“, – განაცხადა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
„მე ალ კაპონეზე უფრო ბევრი ბრალი წამიყენეს. გაგიგიათ, ვინ იყო ალ კაპონე? ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბანდიტი. გინახავთ ფილმი „ნაიარევი სახე?“ მას სახეზე ნაიარევი ჰქონდა და ვფიქრობ, ეს ნაიარევი მოსწონდა კიდეც. ეგონა, რომ უხდება. მაგრამ ალ კაპონეს ჩემზე ნაკლები ბრალი წაუყენეს. მე ბრალი წამიყენეს, რადგანაც ვებრძვი გაყალბებულ არჩევნებს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.