დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
დონალდ ტრამპი მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს გამართავს „მსხვილ პრესკონფერენციას“ თავის გოლფის კლუბში, ბედმინსტერში, სადაც იგი წარადგენს თავისი გუნდის ანგარიშს თავისი ცრუ განცხადებების შესახებ, რომლის თანახმადაც ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო.
ტრამპის თქმით, პრესკონფერენცია 21 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება.
„დიდი, კომპლექსური, დეტალური, მაგრამ უტყუარი ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ, რომელიც ჯორჯიაში ჰქონდა ადგილი, თითქმის დასრულებულია და წარმოდგენილი იქნება ჩემ მიერ მთავარ საინფორმაციო კონფერენციაზე, ორშაბათს, 11:00 საათზე ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში. ამ საბოლოო ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით, ყველა ბრალდება უნდა მომეხსნას მეც და სხვებსაც -ეს იქნება სრული გამართლება!” – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.