დონალდ ტრამპი 19 მარტს ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება 
დონალდ ტრამპი 19 მარტს ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდება 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მარტს ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს შეხვდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ბრაზილიელ კოლეგას, ჟაირ ბოლსონარუს თეთრ სახლში მიღებს.

შეხვედრის დროს პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპი და ჟაირ ბოლსონარუ ვენესუელაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. საუბრის მთავარი თემა ლათინური ამერიკის ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იქნება.

ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი რამდენიმე თვის წინ დაიკავა. მას შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყანა ვაშინგტონის მსგავს საგარეო პოლიტიკას ატარებს. მაგალითისთვის, ჟაირ ბოლსონარუ რეგიონში არსებულ მემარცხენე რეჟიმებს, მათ შორის კუბას და ნიკარაგუას ხელისუფლებებს ეწინააღმდეგება. ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრაზილიის პრეზიდენტების პოზიციები ვენესუელის საკითხშიც ერთნაირია. ისინი ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს.