დონალდ და მელანია ტრამპები ამერიკელებს შობის დღესასწაულს ულოცავენ [ფოტო]
დონალდ და მელანია ტრამპები ამერიკელებს შობის დღესასწაულს ულოცავენ. ორი ოფიციალური საშობაო პორტრეტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადღესასწაულო დეკორაციების ფონზეა გადაღებული, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ამერიკული მედიის ცნობით, ოფიციალური სადღესასწაულო ფოტოები თეთრი სახლის ფოტოგრაფმა, ანდრეა ჰენკსმა გასულ კვირას რეზიდენციაში გამართული ბალის დროს გადაიღო. საღამოს მრავალ სტუმართან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ასევე დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი დაესწრნენ.
თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა წითელი ნაძვის ხეები მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნსა“ და მის მთავარ ატრიბუტს, წითელ მოსასხამებს შეადარა. თუმცა მოგვიანებით ინტერვიუს დროს მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ წითელი ნაძვის ხე ყოველთვის ძალიან მოსწონდა.