დომინიკ რეიესი - ჯონ ჯონსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩემთან რემატჩს თავი აარიდოს
დომინიკ რეიესი მიიჩნევს, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი მასთან რემატჩს გაურბის.
რეიესმა და ჯონსმა ტიტულისთვის UFC 247-ის ფარგლებში იბრძოლეს. მსაჯებმა გამარჯვება ჯონსს მიანიჭეს, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორი იყო და დაპირისპირება რეალურად რეიესმა მოიგო.
მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ჯონ ჯონსს საკმაოდ სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა ვაიტთან. „ბოუნსი“ აცხადებს, რომ მისი ჰონორარი არ არის სამართლიანი და ის მინიმუმ 2021 წლამდე ოქტაგონზე გასვლას არ აპირებს.
დომინიკ რეიესის აზრით, ჯონსი ვაიტთან კონფლიქტში იმის გამო არის, რომ მასთან განმეორებით ბრძოლას თავი აარიდოს.
„ყველამ ნახა თუ როგორი ბრძოლა შევთავაზე ჯონსს. მე მას უამრავი პრობლემა შევუქმენი. მე ის ისეთ მდგმარეობაში ჩავაგდე, როგორშიც ადრე არ ყოფილა. ის არასდროს დაშავებულა ისე, როგორც ჩემთან ბრძოლის დროს. მას აქამდე არ ჰყოლია მოწინააღმდეგე, რომელსაც მისი არ ეშინია. მან იცის, რომ ჩემპიონის ქამრის დაკარგვის რისკი დიდია, აქედან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩემთან ბრძოლას თავი აარიდოს“ – განაცხადა რეიესმა ჩაელ სონენთან ინტერვიუს დროს.