დომაგოი ჰაიდუკოვიჩი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მიმართ უსამართლობა წლის ბოლომდე გამოსწორდება და საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მიმართ უსამართლობა წლის ბოლომდე გამოსწორდება და საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა მადრიდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
„2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩვენ გლობალური კრიზისის, გლობალური გამოწვევის წინაშე ვართ არა მხოლოდ ჩვენს კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოში. ევროპული პროექტი, მისი მშვიდობის კომპონენტი არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. როდესაც ჩვენ ვდებატობთ ჩვენი კონტიტენტისა და ევროკავშირის მომავალზე, არ უნდა დაგვავიწყდეს გაფართოება. ჩვენ აქ დღეს გვყავს კოლეგები მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ალბანეთიდან, სერბეთიდან და კოსოვოდან და მათ გარეშე ევროპული პროექტი სრულყოფილი არ არის. და არ დავივიწყოთ საქართველო. ძვირფასო კოლეგებო, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ უსამართლობა საქართველოს მიმართ გამოსწორდება წლის ბოლომდე და საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა. ამ ქვეყნების გარეშე ევროკავშირის სამშვიდობო პროექტის მიღწევა შეუძლებელი იქნება და ევროკავშირი სრულყოფილი ვერ იქნება“, – განაცხადა დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა.