დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკ-თბილისი“ დაიხურა
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკ-თბილისი“ დაიხურა

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკ-თბილისი“ დღეს დაიხურა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები ოთხ ძირითად სექციაში: “CinéDOC Young”, „Civil Doc Award“, “Main International Competition”, და „Focus Caucasus Award“- ში გამოვლინდნენ.

სწორედ ერთ-ერთი ძირითადი სექციის Focus Caucasus Award -ის გამარჯვებული გახდა, პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მხარდაჭერით გადაღებული „გამჭვირვალე სამყარო”, რომელიც ვახტანგ კუცნევ-გაბაშვილს ეკუთვნის.

გარდა ამისა, თავისი რჩეულები სტუდენტურმა ჟიურიმ და ქართველმა კინოკრიტიკოსებმაც დაასახელეს.

სპეციალური სექციის „civil pitch“ – ის პრიზი რომელიც დოკუმენტური ფილმების შექმნას, სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე გულისხმობს, ქეთევან მაჭავარიანისა და ცისანა ხუნდაძის ერთობლივ ნამუშევარს ერგო.

მაყურებელმა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 68 დოკუმენტური ფილმი ნახა. ტრადიციული სექციების გარდა, წელს კინოფორუმს კიდევ ერთი პროგრამა “ვირტუალ რეალიტი” დაემატა, რომლის პრეზენტაციაც პოლონელმა კინემატოგრაფისტებმა შემოგვთავაზეს.

სტუმარი ქვეყნის სექცია წელს რუმინულ დოკუმენტურ კინოს დაეთმო. მათ შორის აღსანიშნავია რუმინელი ავტორის მიერ აფხაზეთში გადაღებული ფილმი, რომელიც აფხაზეთის დღევანდელ რეალობას ასახავს და ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური და საინტერესო იყო.

რაც შეეხება ფესტივალის ქართულ ნაწილს, აქცენტი რეზო გაბრიაძის შესახებ შექმნილ ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმზე გაკეთდა. ასევე მიმდინარე წელს პირველად “სინედოკ იანგ-ის” სექციაში ქართველი ბავშვების მიერ გახმოვანებული ფილმები მოხვდა.

ჩაუღრმავდი რეალობას“ – ასეთი იყო წლევანდელი კინოფესტივალის სლოგანი, რომელსაც თბილისმა მეექვსედ უმასპინძლა.

სინედოკ 2018 – ის” დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური ტური მოეწყობა, რომლის საშუალებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს ნახავს.

გამარჯვებული ფილმები
CinéDOC Young – “Bashir in wonderland” ავტორები: Els Duran და Evelien Vehof
Civil Doc Award – “A woman Capture” ავტორი: Bernadett Tuza-Ritter
Main International Competition – “The Distant Barking of dogs” – ავტორი: Simon Lereng-Wilmont
„Focus Caucasus Award“- “Transparent World” – ავტორი: ვახტანგ კუცნევ-გაბაშვილი