დოკუმენტების მიხედვით, რუსეთს უკრაინის დაპყრობისა და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა
გასაჯაროებული რუსული დოკუმენტების თანახმად, რუსეთს უკრაინის დაპყრობისა და მისი ლიდერების მკვლელობის 10-დღიანი გეგმა ჰქონდა. ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის“ (RUSI) კვლევაში.
კვლევის თანახმად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გეგმავდა. ბრიტანეთის არმიასთან დაკავშირებული კვლევითი ცენტრის მოხსენების მიხედვით, გეგმების სრული მასშტაბები რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის გეგმა, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების უფროსების მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ, ხოლო ტაქტიკურმა სამხედრო ჯგუფებმა ბრძანება შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.
დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის ხელში ჩაგდებას. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს დაევალათ უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია. უკრაინის სადაზვერვო სამსახურები ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთი გეგმავდა ბელარუსის საჰაერო-სადესანტო დანაყოფების გამოყენებას რივნისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების დასაკავებლად.
კვლევის თანახმად, რუსეთი გეგმავდა შეჭრას „მასობრივი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმით“ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე, ხოლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორებიცაა ელექტროსადგურები და რკინიგზა, თავდასხმა არ იგეგმებოდა, რადგან უკრაინის ოკუპაციისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი უნდა ყოფილიყო.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი დროთა განმავლობაში გეგმავდა მასწავლებლებისა და სხვა ოფიციალური პირების რუსეთიდან ჩაყვანას „უკრაინელების ხელახალი განათლების“ დასაწყებად.