„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ლატვიის პარლამენტმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარებისა და მისი დაკავების ნება დართო. ამ გადაწყვეტილებას სეიმის 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გამოძიების მიხედვით, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იანის ადამსონსი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთს არმიის ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SGB) დოკუმენტების თანახმად, საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დეტალები პროცესუალური საქმიანობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
თავად ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა, ინფორმაციის გაცემის ერთადერთ წყაროდ კი მის ინტერვიუებს ასახელებს. იანის ადამსონსი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 1994-1995 წლებში იკავებდა. ბოლო წლებში კი სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის წევრი იყო.