„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესება სურს
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის მთავრობას რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესება სურს

გერმანიის მთავრობას რუსი ჰაკერების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ადებარმა განაცხადა, გერმანიის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შესაბამისი პროცედურა ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში იმ რუსი ჰაკერების შესაყვანად, რომლებსაც ბერლინი 2015 წლის გაზაფხულზე ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.

ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელი ჰაკერებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების განზრახვის შესახებ მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს, სერგეი ნეჩაევს აცნობეს.

5 მაისს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქის, დმიტრი ბადინის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიება მიიჩნევს, რომ ჯგუფთან ერთად სწორედ ბადინი ახორციელებდა ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ადებარის განცხადებით, უწყებაში რუსეთის ელჩი „მიიწვიეს“ და არა „დაიბარეს“.