„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ქრისტიანულ-დემოკრატიული“ პარტიის ხელმძღვანელი, პაველ სევერინეცი დააკავეს. პოლიტიკოსი მინსკში, საკუთარ სახლში დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პაველ სევერინეცი ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის მოწინაააღმდეგეა.

მინსკში 7 დეკემბერს ბელორუსისა და რუსეთის ინტეგრაციის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა. პაველ სევერინეცმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, საპროტესტო აქციები გაეგრძელებინათ. აქცია მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, თუმცა მშვიდობიანად დასრულდა. ანალოგიური აქცია ბელარუსში 20 დეკემბერსაც არის დაგეგმილი.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის, ორი ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 2019 წლის სექტემბერში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამის პარაფირება მოახდინეს.

7 დეკემბერს კი, სოჭში, ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა მათ არანაირ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 20 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში შეხვდებიან.