ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ოჯახის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოვითხოვთ, რომ ისინი, ვისაც ჩვენს შორის ამ დრომდე არ მიუღია დაცვა, უზრუნველყონ დაცვით გერმანიასა და შვედეთში. სამწუხაროდ, გასულ წელს ჩვენ ტკივილით გავაცნობიერეთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც ჩვენ სამშობლო დავტოვეთ, გამართლებულია“, – აღნიშნულია ხანგოშვილის ოჯახის განცხადებაში.
მოკლულის ოჯახის წევრები ასევე მიესალმებიან გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობის საქმეზე ბრალის წაყენებას.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე მოკლეს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. გასულ კვირას გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.