„დოიჩე ველე“ - რუანდის სასამართლომ სასტუმრო „რუანდას“ ყოფილი მენეჯერი, პოლ რუსესაბაგინა ტერორიზმში დამნაშავედ ცნო
„დოიჩე ველე“ - რუანდის სასამართლომ სასტუმრო „რუანდას“ ყოფილი მენეჯერი, პოლ რუსესაბაგინა ტერორიზმში დამნაშავედ ცნო

„დოიჩე ველე“ – რუანდის სასამართლომ სასტუმრო „რუანდას“ ყოფილი მენეჯერი, პოლ რუსესაბაგინა ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. სასტუმრო „რუანდას“ ყოფილი მენეჯერი, რომლის მიხედვითაც, მოგვიანებით იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რუანდის სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოსგან სამუდამო პატიმრობის მისჯა მოითხოვა.

რუსესაბაგინა 2020 წელს დააკავეს, როდესაც თვითმფრინავი, რომლითაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბურუნდიში მიფრინავდა და გაურკვეველი მიზეზების გამო რუანდაში დაჯდა. სასტუმროს ყოფილ მენეჯერს ბრალი წარუდგინეს 9 საქმეზე, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე, ტერორიზმის დაფინანსებაზე, მკვლელობასა და შეიარაღებულ ძარცვაზე.

პოლ რუსესაბაგინამ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სასამართლო არ იქნებოდა მის მიმართ სამართლიანი.

რუანდის ხელისუფლების განცხადებით, პოლ რუსესაბაგინა მხარს უჭერდა ამბოხებულთა ჯგუფს, რომლებიც 2018 წელს მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს ბურუნდის საზღვართან. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. გარდა ამისა, ხელისუფლების თქმით, რუსესაბაგინამვოტსაპის“ აპლიკაცია გამოიყენა საზღვარგარეთიდან ამბოხებულთათვის იარაღის მისაწოდებლად.

პოლ რუსესაბაგინა, რომელიც ამჟამად ბელგიის მოქალაქეა, საზოგადოებისთვის ცნობილი 2004 წელს გადაღებული ფილმის, „სასტუმრო რუანდას“ შემდეგ გახდა. ფილმში ვითარება რუანდას სამოქალაქო ომის პერიოდში ვითარდება, როდესაც რუსესაბაგინა სასტუმრო „რუანდას“ მენეჯერი იყო და ეთნიკური დაპირისპირების ფონზე ასობით ადამიანის გადარჩენა შეძლო.