„დოიჩე ველე“ - მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნაზე მოლაპარაკებები ალბანეთთან მიმდინარეობს
„დოიჩე ველე“ - მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნაზე მოლაპარაკებები ალბანეთთან მიმდინარეობს

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ალბანეთთან მიმდინარეობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის მთავრობის პრესსპიკერმა პეტერ ლაუნსკი-ტიეფენტალმა განუცხადა. ტირანაში ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

ალბანეთის ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის სანაცვლოდ, ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ალბანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამჟამად ევროპაში იმყოფება და სხვა საკითხებთან ერთად მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების შესახებ მართავს მოლაპარაკებებს. ის უკვე შეხვდა გერმანიის მთავრობის წევრებსაც.

შეგახსენებთ, რომ მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების ევროკავშირის გარეთ მოწყობის ინიციატივით ევროკომისია გამოდის. ამ იდეას მხარს უჭერს გერმანია და ავსტრიაც.

24 ივნისს ბრიუსელში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ე.წ. მინისამიტი გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება. შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიგრანტების მიღების საერთო ევროპული წესების შემუშავებაზე იმსჯელებენ.