გერმანია ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოდის. სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
ანალენა ბერბოკის თქმით, ეს წინადადება შეიძლება გახდეს დამაკავშირებელი ხიდი ორად გაყოფილ წევრ ქვეყნებს შორის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ შეწყვეტას ითხოვენ, ხოლო ნაწილი სავიზო შეზღუდვების წინააღმდეგია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი პუნქტი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მრავალწლიანი, მრავალჯერადი ვიზების გაცემის სრული შეწყვეტა.
როგორც მედია წერს, გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ექნებათ, გადაამოწმონ, რის საფუძველზე იყო წარდგენილი სავიზო განაცხადი და რა კავშირი აქვს განმცხადებელს რუსეთის მთავრობასთან, ვიდრე ვიზას გასცემენ.