„დოიჩე ველე“ - დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს
„დოიჩე ველე“ - დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს

დასავლეთ გერმანიაში მოსალოდნელი ჭარბი ნალექის გამო შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დასავლეთ გერმანიაში უპრეცედენტო წყალდიდობებიდან ერთი კვირის თავზე, სტიქიის რაიონებში ისევ დაიწყო წვიმა. კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის, ბეგონა ჰერმანის განცხადებით, ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის პირობები შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს, რის გამოც მიზანშეწონილია მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის სამარშრუტო ავტობუსები გამოყო, რომლითაც მათი თავშესაფარში გადაყვანა მოხდება.

გარდა ამისა, პოლიციამ მოხალისეებს რეინლანდ-პფალცის რეგიონში ჩასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. პოლიციის ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან სტიქიის რეგიონში მოხალისეების დიდი ნაკადის შედეგად გადატვირთულია გზები, რის გამოც ვერ ხერხდება დაზარალებულ რაიონებში მძიმე ტექნიკის შეყვანა.

24 ივლისის მონაცემებით, მასშტაბური წყალდიდობებით გამოწვეულ მსხვერპლთა რიცხვი გერმანიაში 179 შეადგენს. წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობებით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბოს.